გირჩი - მეტი თავისუფლების, დროას, სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრები გამართეს.
პარტიების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში რამდენიმე შეხვედრა გამართეს, რომლებზეც მთავარი საკითხი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და ბარიერები იყო, რომლებიც ამ პროცესს თან ახლავს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მთავარ ბარიერად ქართული ოცნება და მის მიერ წარმოებული რუსული პოლიტიკა დაასახელეს.
დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, გარდა კონკრეტული გამოწვევებისა, ევროპარლამენტარებთან სანქციების საკითხიც განიხილეს. ხოშტარია ამბობს, რომ აპირებენ, მიაწოდონ შესაბამის უწყებებს მასალა, მათ შორის როგორც ალტ ინფოს გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე, ასევე ივანიშვილის მიმართულებით.
"მათ კარგად იციან, თუ რა გამოწვევები აქვს კონკრეტულად საქართველოს, იქნება ეს პოლიტპატიმრები, სასამართლო სისტემა თუ სხვა. რა თქმა უნდა, ის რაც თბილისში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს მათგან, ხალხის ბრძოლის ეს ნათელი მაგალითი და ბუნებრივია, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, იმიტომ რომ არ ვაპირებთ გაჩერებას და ვაპირებთ, ევროპული პერსპექტივისთვის შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული თემებია გარდა პოლიტპატიმრებისა და სასამართლო რეფორმისა, სანქციების თემა და ვაპირებთ, რომ მათ შორის მასალა მივაწოდოთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, აღმასრულებელ ნაწილში, როგორც ალტ ინფოს და მსგავსი ჯგუფების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე, ასევე ზოგადად ივანიშვილის მიმართულებით", - თქვა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ ქართველი ხალხს აქვს სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირს, თუმცა ამ გზაზე მთავარი წინაღობა ქართული ოცნებაა.
"ნათლად ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს დიდი სურვილი შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, ახლა მთავრობა ხდება მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ კანონის სახით. ველი, რომ მსგავსი პროვოკაციები გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ პროევროპული ოპოზიცია არის ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება", - თქვა კუბილიუსმა.
3 პარტიის ლიდერები სტრასბურგში 14 მარტს გაემგზავრნენ. იქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე.